ღირსშესანიშნაობებით მდიდარი წალკა
წალკის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანია თავისი კულტურული , ბუნებრივი, ისტორიული და ეთნიკური თვალსაზრისით.
ეს არის ტერიტორია, სადაც ყვაოდა თრიალეთის კულტურა და ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული დღემდე, არაერთი მნიშვნელოვანი ატეფაქტია შემონახული თუ აღმოჩენილი.
აქ, ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით პრეისტორიულ ციკლოპური ნასახლარებს, ციხესიმაგრეების ნანგრევებს, გამოქვაბულებს, პეტროგლიფებს, მონოლითურ ქვებს, ზეთსახდელების გელაზის ქვებს, გვიანი თუ ადრე შუა საუკუნეების ეკლესიებს, შუა საუკუნეების ხიდებს, ნასოფლარებს, სამარხებს, ყორღანებს.
ის, ასევე მდიდარია ბუნებრივი ღისშესანიშნაობებით აღსანიშნავია დაშბაშის კანიონი, ბეშთაშნის ჩანჩქერი, ბარეთის ტბა, ჯამუშის ტბა და ა.შ.
ისტორიული თვალსაზრისით წალკა, მე-9 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე იყო კლდეკარის საერისთავო, იმდენად ძლიერი, რომ თავად მეფესაც გაუჭირდა კლდეკარის სამთავროს დამორჩილება და უკანასკნელი ციხე სადაც ლიპარიტ ბაღვაში იყო გამაგრებული, მხოლოდ მოლაპარაკებით დაიმორჩილა. ამ ციხის აღება ვერც ერთმა მტერმა ვერ მოახერხა მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო.
წალკის ქვაბული წარმოადგენს ვულკანურ პლატოს.წალკის ქვაბული ზღვის დონიდან 1500-1700 მეტრზე მდებარეობს და 398.3 კმ2 უკავია. მისი მაღლობები საძოვრებით არის დაფარული, ხოლო დაბლობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ქვაბულის ცენტრში წალკის წყალსაცავი მდებარეობს. წალკის მუნიციპალიტეტი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე გარდამავალი კლიმატის არეალშია მოქცეული. დამახასიათებელია ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული.
და ნამოსბახლარები
ღირსშესანიშნაობები
პეტროგლიფები
მეგალითური ნაგებობები წალკის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული. ესაა უდუღაბოდ, მშრალი წყობით ნაგები ობიექტები, რომელთაც თავდაცვითი, საკულტო და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებდნენ. წალკაში ამ თვალსაზრისით რამდენიმე გამორჩეული მეგალითური ნაგებობაა, რომელთა ასაკი ათასწლეულებს ითვლის. არსებული ნაგებობები საკმაოდ დაზიანებულია და უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ნანგრევების სახით არის შემორჩენილი. მეგალითური ნაგებობების არსებობა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეცნიერო, შემეცნებითი, არქეოლოგიური ტურიზმის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის.
სოფ. ავრანლოს ჩრდილო-დასავლეთით მდ. ქციის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1640 მ-ზე, მდებარეობს „ციკლოპური ნამოსახლარი“ და ავრანლოს (თეზი) ციკლოპური ციხე. ციხე შედგება ციტადელის, მასზე დაქვემდებარებული გამაგრებული ეზოებისა და მცირე ტერასების სისტემებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ვიწრო გასასვლელებითა და კარიბჭეებით არის დაკავშირებული. კედლები ნაგებია ბაზალტის, დიდი ზომის დაუმუშავებელი ლოდებით, რომელთა შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია ქვებით. გალავნის კედლების სისქე 3 – 4 მ-ს აღწევს. ციხის შიგნით საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებია. მდინარის ნაპირთან, ფრიალო კლდის ძირში, პირველ ტერასაზე, გამართულია დამოუკიდებელი გალავანი, რომლის შიგნითაც შუა საუკუნეებში ეკლესია აუგიათ. კომპლექსის აღმოსავლეთით და დასავლეთით, მდინარის გაყოლებით ფრიალო კლდეებში გამოკვეთილია გამოქვაბულები. სიმაგრეთა კომპლექსის ჩრდილოეთით განფენილ ვაკეზე, ხევის მარცხენა მხარეს, დადასტურდა მტკვარარაქსის კულტურის ვრცელი ნამოსახლარი, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ სიმაგრეთა კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია მტკვარ-არაქსის ეპოქიდან ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულამდე ინტენსიურად ყოფილა ათვისებული.
ნასოფლარი მდებარეობს წალკის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ნასოფლარის ტერიტორიაზე XX ს. აიგო წმ. კონსტანტინესა და ელენეს სამლოცველო. სამლოცველო წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, რომელიც ამჟამად ნაწილობრივ მიწაშია ჩამჯდარი. მასში დგას ძველი ეკლესიის ორნამენტიანი ფრაგმენტები. ეკლესიის ირგვლივ ნასოფლარის თანადროული სამარხებია. ნასოფლარის დასავლეთით დარანია გამართული. ჩრდილოეთით კი სამაროვანია.
სოფელ გუმბათის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. გუმბათის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1650 მ სიმაღლეზე, მდებარეობს ციკლოპური ციხე (ძვ.წ. II-I ათასწლეული). ციკლოპური სიმაგრის კედლები ნაგებია დიდი ზომის ლოდებით, ორპირად, მშრალი წყობით, შიდა არე შევსებულია მომცრო ზომის ქვებით. გეგმაში ციხე ოთხკუთხა ფორმისაა. ძეგლი წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც შედგება ნამოსახლარისა და ციტადელისაგან. ნამოსახლარი განფენილია მთის ფერდობზე, ციტადელი კი – მთის თხემზე, რომელიც აღმოსავლეთის მხარეს ციცაბოდ ეშვება მდინარის ნაპირამდე. სასიმაგრო კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება – მთავარი ციხისა და მასზე სამხრეთიდან მიშენებული გალავნისაგან.
მდებარეობს სოფ. ნარდევანის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას. ციხესიმაგრე ნაგებია დიდი ზომის ლოდებით, მშრალი წყობით (ძვ.წ. 1-ლი ათასწლეული). იგი გეგმაში მართკუთხაა, შიდა ზომებია 18X15 მ. კედლების სიგანე 3-4 მ-ია, ხოლო სიმაღლე – 4,5–5 მ. სიმაგრეს აკრავს ასეთივე წყობით შემოზღუდული გარეთა ეზოები თუ გამაგრებული სივრცეები. დასავლეთის მინაშენის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია შესასვლელი (კარიბჭე). აქვე, ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, გამართულია კარი. დასავლეთის მხრიდან სიმაგრე დაცულია ფრიალო კლდით, რომლის ცალკეული მონაკვეთები მიუვალობის გასაძლიერებლად ბაზალტის ქვების მშრალი წყობით არის ამოყვანილი. სიმაგრის აღმოსავლეთით და სამხრეთით საკმაოდ დიდ ფართობზე ნასოფლარის ნაშთები დასტურდება
სოფ. ბარეთსა და ლივადს შორის აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გაწოლილი ქედის თხემზე, სამხრეთ კალთაზე და მიმდებარე ვაკეზე მდებარეობს, ბარეთის “ციკლოპური” სიმაგრე და ნამოსახლარი. ძეგლი მოიცავს სხვადასხვა პერიოდისა და სხვადასხვა ხასიათის “მეგალითურ” ნაგებობებს. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თხემზე განლაგებული სამი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, გალავნით შემოზღუდული უბანი. გალავნები ნაგებია ბაზალტის დიდი ლოდებით მშრალი წყობით. კედლების სისქე 3.0-2.2 მ-ს შორის მერყეობს. ნამოსახლარის ტერიტორიაზე, გარდა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა, გვხვდება კრომლეხისა და ყორღანის ტიპის წრიული ქვის წყობები და ყრილები. ნამოსახლარის ტერიტორიაზე მოპოვებული როგორც არქეოლოგიური მასალა, ისე ნაგებობათა განლაგება გვიჩვენებს, რომ ძეგლი მრავალფენიანია და ძვ.წ. მე-14–მე–13 სს-დან ადრე შუა საუკუნეების ჩათვლით ფუნქციონირებდა.
ბარეთის ტბა, სამხრეთ საქართველოში, ის იშვიათი ტერიტორიაა,სადაც ისვენებენ გადამფრენი ფრინველები. მალე განთავსდება ფრინველებზე დაკვირვებისთვის ობიექტები.
თუ გსურთ ახლო ლოკაციებში მოინახულოთ ჩამქრალი ვულკანი, კანიონები, ტბები, მდინარეები, ხელოვნური და ბუნებრივი ტყე, თვალუწვდენელი მინდვრები, ჩანჩქერები და კიდევ უამრავი ლამაზი პეიზაჟი, მაშინ წალკას ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა ეწვიო. წალკისთვის დამახასიათებელია მშრალი და გრილი ჰაერი, ზაფხული თბილი, ზამთარი კი-ცივი.
კანიონში არის რამდენიმე მცირე ტბა, სადაც შესაძლებელია ბანაობა. სასიამოვნო დროს გაატარებთ ბავშვებთან ერთად. ხელოვნურ ტყეში არის მოწყობილი ტერიტორია პიკნიკისთვის, მაგიდითა და სკამებით.
სოფელ დაშბაშში მდებარეობს წმ. სოფიას ხე, რომლის სავარაუდო ასაკი 500-600 წელია. აღმოსავლური მუხა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ორგანული ბუნების გამორჩეული ძეგლია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის იგი საკულტო ობიექტია, რაც ერთერთი მიზეზია მისი დღემდე შემორჩენისა. „ეს მუხა აღმოსავლური მუხაა, მთის მუხა. ზღვის დონიდან აქ 1750 მეტრია, ე. ი. სწორედ ამ მუხის ადგილსამყოფელი. სხვა ნიშნების მიხედვით, ისე, როგორც ზურტაკეტში და ჯავახეთში, აქაც მთის ტყე იყო, მაგრამ ჟამთა სიავემ მოსპო და ტაშ-ბაშის მუხა თუ შემორჩა, ისიც იმიტომ, რომ აქაურების მიერ იგი წმინდა ხედაა აღიარებული და მის ძირში ხატი დღესაც ასვენია“. (ნ. კეცხოველი „კიდევაც დაიზრდებიან“). დღეს მუხის გარშემო საბჭოთა ეპოქაში ხელოვნურად გაშენებული წიწვნარია.
ჭიქიანის მთა ჩამქრალი ვულკანია, აგებული ნეოგენური ლიპარიტ-დაციტური ლავებით, რომლებიც გამსჭვალულია ობსიდიანით. მთის სიმაღლე 2415 მეტრს აღწევს ზღვის დონიდან. მთა მდებარეობს წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჯავახეთის ქედზე. მთის სახელი „ჭიქიანი“ დამოწმებულია ვახუშტი ბაგრატიონთან. „ჭიქა“ ძველი ქართულით შუშას ნიშნავს. მთა ჭიქიანის ობსიდიანის ნაკეთობები მიკვლეულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის გარეთ (აფშერონის ნახევარკუნძულამდე და ჩრდილოეთ კავკასიამდე).
პერიოდი:
- ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები >> ადრე ბრინჯაოს ხანა ძვ. წ. 3500-2500.
- შუა ბრინჯაოს ხანა _ ძვ.წ. მე-3 ათასწ. მე-2 ნახევარი – ძვ.წ. მე-17 ს.
თრიალეთის პეტროგლიფები მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა წალკიდან 12 კმ-ის დაშორებით, სოფ. განთიადთან (ყოფილი სოფ. თაქ-ქილისა), მდ. ქციის მარჯვენა შენაკადის, მდ. ავდრის ხევის ხეობაში.
ხეობა შედგება ოთხი ფსევდოტერასისგან, რომელთა წარმოშობა აიხსნება აქ განვითარებული გვიანპლეისტოცენური ასაკის ანდეზიტო-ბაზალტების ოთხი ლავური ნაკადისა და მათ შორის მოქცეული ეროზიისადმი ნაკლებად გამძლე ქანების არათანაბარი გადარეცხვით. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები. პეტროგლიფები კლდის მასივზე დაჯგუფებულია პატარ-პატარა პანოების სახით. სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. კლდის ზედაპირზე პანოები დაახლოებით 50 მ. სიგრძეზეა გადაჭიმული. ცალკეული ფიგურები პანოებს შორის არსებულ მონაკვეთებზეც არის ამოკაწრული.
პანოებზე ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული: კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვა. გეომეტრიულ სახეთაგან კი კვადრატული ბადეების, ჯვრებისა და გასხივოსნებული მზის გამოსახულებებია ასახული. აქვეა სხვადასხვა ზომისა და სიღრმის შტრიხები. გვხვდება მახეში გაბმული ცხოველებიც. ანთროპომორფული ფიგურები წარმოდგენილია სამი მონადირის – მშვილდ-ისრიანი პატარა კაცუნების სახით. ნახატები მცირე ზომისაა (დაახლ. 2,5 – 18-20 სმ შორის), ძირითადად 1-2 მმ სიგანისა და სიღრმის. სულ ასამდე ნაკაწრი-ნახატია გამოვლენილი, რომელთა შორის ცხოველთა პარციალური გამოსახულებებიცაა ჩართული. სქემატურად შესრულებული, მარტივი ხერხებით გადმოცემული ფიგურების იდენტიფიკაცია სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ოსტატურადაა დაჭერილი მათთვის დამახასიათებელი კონფიგურაციები თუ დეტალთა ამსახველი ნიუანსები. პეტროგლიფებზე წარმოდგენილი ფაუნა აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და ჩანს, პატარა ხრამის ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა.
მენჰირი — ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა. წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული.
ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია. ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები -7 ათასი წლის წინანდელია
წმ. კონსტანტინეს ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. იგი აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, რომელიც აღმოსავლეთით ბოლოვდება აფსიდით, სადაც ორი ნიშია.
შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებში გაჭრილია სარკმლები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან გაუკეთებიათ მინაშენი, რომლის მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი. გალავანს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ქვის მონოლითითაა გადახურული.
ეკლესიის ცენტრში დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტვიფრავთ.
ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.
თეჯისის წმინდა კონსტანტინეს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
სოფლი აიაზმის განაპირას, სამხრეთდასავლეთით მდებარეობს ღმრთისმშობლის ეკლესია. ეკლესია დგას ძველ ნასოფლარზე, რომელიც ძირითადად ვრცელდება ეკლესიის სამხრეთით.
ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც ნაგებია მშრალი წყობით დიდი ზომის ქვებით. ეზოში დევს რამდენიმე საინტერესო საფლავის ქვა, რომლებზეც გამოსახულია მხედარი, ქტიტორები – ეკლესიის მოდელში, მრავალქიმიანი ვარსკვლავები, ჯვარი; ერთ-ერთზე ამოკვეთილია წარწერა.
სოფელი არსარვანი (არჯევან-სარვანი) ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია წალკის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან მდებარეობს 1700 მეტრზე. წალკიდან 20 კილომეტრის დაშორებითაა. სოფელში შემორჩენილია უძველესი ცივილიზაციის არაერთი კერა ნანგრევი ეკლესიები, მენჰირები, ძველი სამარხები. მისი ძველი სახელია ახალშენი. არჯევან-სარვანი უწოდეს 1829-30 წლებში ჩამოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა. სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების, მათ შორის ისტორიული ძეგლები.
წმინდა გიორგის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს.
ეკლესია შემკულია ჩუქურთმებით. აღმოსავლეთ სარკმლის ნახევარწრიული სათაურის ქვეშ ყურძნის მტევანია ამოკვეთილი, ხოლო სარკმლის ორივე მხარეს თითო შეწყვილებული ნახევარსვეტი. ძეგლი გადახურულია კამარით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს გასდევს ლამაზად დამუშავებული კვეთილი კარნიზი.
აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია გიორგი მეფე.
ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, წარწერაში მოხსენიებული მეფე არის გიორგი I ან გიორგი II, რომლებიც XI საუკუნეში მოღვაწეობდნენ შესაბამისად ძეგლსაც XI საუკუნით ათარიღებს.
არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
აქვეა ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც მე11-12 საუკუნით თარიღდება.
საინტერესოა სოფლის ცენტრში მდებარე მოხატული ქვები და მენჰირი.
სოფელი ბარეთი გამოირჩევა ტაძრების სიმრავლით. აქ გვხვდება წმ. კონსტანტინეს, წმ. ილიას, წმ. ბარბარეს სამლოცველოები. ასევე, პეტე პავლესა და ორმოცწამებულის ეკლესიები.
ამავე სოფელშია მეგალითური ნაგებობით გარშემორტყმული ტაძარი, რომელიც, სავარაუდოდ წარმართულ ფესვებზეა აშენებული, ვინაიდან ტაძარში და მის ეზოში არის ძველი მენჰირები.
ტაძრების უმრავლესობა თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.
წყობაში გამოყენებულია ძველი ქართული ეკლესიის ქვები. ეკლესია მართკუთხაა, გადახურულია კრამიტით. ნაგებობას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს.
ეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მეტრში, დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული დასავლეთიდან აღმოსავლეთით არის გახსნილი, ხოლო ორი ზედა სართული ოთხივე მხრიდან გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. ეკლესია აგებულია 1849 წელს.
წმინდა გიორგის ეკლესია (დაახლოებით X-XIII ს.ს) წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას.
იგი აშენებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით.
გეგმით ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ორი ნახევრადწრიული აბსიდით. სამხრეთის ფასადზე ამოკვეთილია რვასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა; ეკლესიის სამხრეთით ქვედა გალავანში ჩატანებულია ჯვრისგამოსახულებიანი ქვა ასომთავრული წარწერით (არ არის წაკითხული). ეკლესია შემოზღუდულია ქვითკირის გალავნით, რომელშიც ორი კარიბჭეა დატანებული. გალავანში ჩაშენებულია საფლავის ქვები, რომელთა უმეტესობა გამოსახულებებითაა შემკული.
თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარეობს. ტაძარს შემოვლებული აქვს მეგალითური გალავანი, რომელსაც ჰქონდა ქვის მონოლითით გადახურული შესასვლელი, თუმცა ამჟამად ჩამოშლილია.
მეგალითი უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობაა (დოლმენი, მენჰირი, კრომლ
ეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები), რომელიც გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში.
არქიტექტურა
სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობაშიც გამოყენებულია მეგალითური ნაგებობის ქვები. ტაძარი გეგმაში მართკუთხა დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდში ორი ნიშია. საკურთხეველში დევს ტრაპეზის ქვა. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმლები.
წალკის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია გერმანული კულტურა, რომლის გაცნობა დაბა თრიალეთშია შესაძლებელი (ყოფილი ალექსანდერსჰილფი).
ჭოჭიანის პლატოზე გაშენებულ ამ დასახლებაში XIX ს-ის პირველ ნახევარში გერმანელი კოლონისტები მოვიდნენ,
რომლებიც აქ სახლობდნენ XX საუკუნის 50-იან წლებამდე, დაბაში დღემდეა შემორჩენილი გერმანელთა მიერ აგებული სახლები და ლუთერანული ტაძარი.
აქ არსებულ სახლებს, გარდა საკუთარი ტრადიციული ნიშნებისა, რაც მაღალ სხვენებსა და ღრმა სარდაფებში გამოიხატა, გერმანულ საცხოვრებელ სახლებს ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციების ორგანული შეთავსებაც ახასიათებს.
სამწუხაროდ, ობიექტების დიდი ნაწილი დაზიანებული და სახეცვლილია.
ავრანლო ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია. გამორჩეულია, როგორც ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, ასევე ტაძრების სიმრავლითა და მეგალითური ნაგებობით.
სოფლის ტერიტორიაზე არის სამი ტაძარი და 8-ზე მეტი სამლოცველო. ტაძრები ახალია, ხოლო სამლოცველოები ქართულ ტაძრებზეა აშენებული, რაზეც მოწმობს ქვებზე აღმოჩენილი ქართული ორნამენტები. ავრანლოს კანიონში, მდინარე ქციის მარცხენა სანაპიროზე, მეგალითური ნაგებობის პირველი კედლის შიგნით არის ძველი ქართული სამლოცველო, რომელიც წმ. გიორგის სახელობისაა, ტაძრებს შორის ის ყველაზე ძველია, ვინაიდან მოიხსენიება მე-11 საუკუნის ხელნაწერებში. აქვე არის აღმოჩენილი საფლავის ქვა რომელის გამოქვაბულში მცხოვრებ დაყუდებული ბერის შვილზე გვაწვდის ცნობებს. მიმდებარედ კი არაერთი გამოქვაბულია სადაც ადამიანიც ცხოვრების კვალი შეიმჩნევა.
მე-19 საუკუნეში აგებული ორმალიანი ხიდი სოფელ ახალშენში მდებარეობს. იგი დაუმუშავებული ქვით არის აგებული. ნახევარწრიული მალის თაღები გადაყვანილია დამუშავებული ქვის კვადრებით. ხიდის შუაში დაბალი, მასიური ბურჯია. ხიდის სავალი ნაწილი მოკირწყლულია.
მდინარე ქციაზე გადებული ხიდი ნაგებია დაუმუშავებელი ქვით. ნახევარწრიული და თანაბარი ზომის მალები დამუშავებული ქვითაა გადაყვანილი. ისინი სამ მასიურ ბურჯს ეყრდნობიან, რომლებიც მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებითაა მიშენებული. კონუსური ფორმის ხიდს ეტყობა მშენებლობის რამდენიმე პერიოდი.
რატომ ტური?
შეძლებთ ერთ დღეში რამდენიმე ლოკაცია მოინახულოთ
ისარგებლებთ გიდის მომსახურებით სხვადასხვა ენაზე
გეყოლებათ პოზიტიური გიდი
გექნებათ დრო ფოტოსესიისათვის
იმოგზაურებთ კომფორტული ტრანსპორტით
გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს
ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლები









